თსუ-ს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორაციით, უნივერსიტეტში პრეზიდენტი დაათვალიერებს გამოფენას „საქართველო-იტალია: მეგობრობის ისტორია“. შეხვედრაზე, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, აკადემიური წრეების და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან, იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა სიტყვით გამოვა და ისაუბრებს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, განათლების მიმართულებით.
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს 16 ივლისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა ორმხრივ შეთანხმებებს კულტურის, თავდაცვის, ჯანდაცვის, განათლების, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დარგებში. ასევე დაგეგმილია იტალიის პრეზიდენტის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ქ. თბილისის მერთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იტალიის სახელმწიფოს მეთაური მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმში. ბიზნეს ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის უმთავრესი ეკონომიკური უწყებები და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოების დარგებში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიები. ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი პანელი განათლებასა და სამეცნიერო კვლევებს მიეძღვნება.