პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - სრული ტექსტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

"პირველი" პრემიერის გამოსვლას უცვლელად გთავაზობთ.


"ჩემთვის დიდი პატივია, რომ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე და მოგმართავთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი და განუყოფელი ნაწილია.


დღეს 27 სექტემბერია - უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. 25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია. რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისათვის.


10 წლის წინ კი, რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია.


ამ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღემდე  დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები.


უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა.


ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, სულ უფრო მწვავე სახეს იღებს დეპოპულაცია, მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება. ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-ჯერ, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს.


გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლო ხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, 18 წლის დავით ბაშარული.


სწორედ ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი.


ოკუპაციამ და კანონიერების უხეშმა ხელყოფამ სერიოზული გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით, სულ მცირე ინციდენტიც კი შეიძლება გადაიზარდოს უკონტროლო პროცესში, შესაბამისი მძიმე შედეგებით.


უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების ურყევი მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.  საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.


რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.


ხოლო ჩვენ ეს შეთანხმება სრულად შევასრულეთ და უფრო მეტიც, ავიღეთ ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო  პასუხისმგებლობა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად პოლიტიკას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის დარეგულირებას.


შესაბამისად, მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი, ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან!


ჩვენ ვცდილობთ აქტიურად გამოვიყენოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ წინააღმდეგობას აწყდება. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ძალისხმევა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომელსაც ეუთოსა და ევროკავშირთან ერთად დისკუსიების თანათავმჯდომარის  ფუნქციაც აკისრია. 


დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანები, როდესაც ერები, კულტურები ისწრაფვიან მეტი ინტეგრაციისა და განვითარებისკენ, ყოვლად დაუშვებელია ხელოვნური ბარიერების შექმნა და მავთულხლართების გაბმა.


ჩვენ გვინდა ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა, მაგრამ მხოლოდ სახელწიფო სუვერენეტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანების უფლებების დაცვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე. 


მიუხედავად ამ უსამართლობისა, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. ჩვენ წარმოვადგინეთ სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ ინიციატივებით ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.


ამ ინიციატივას ჩვენ დავარქვით “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის.


დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს: საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა! ჩვენ საუკუნოვანი საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც, დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას.


საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას და უზრუნველყოს თავისი ყველა მოქალაქის უფლება და ჩვენ ამას შეუქცევადად და მიზანმიმართულად ვახორციელებთ.


თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა - იქნება ეს  ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა.  მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ჩვენ, ჩვენ იმომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.


მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, ნუ უშლის ხელს და ნუ აფერხებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს, მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება.


ქალბატონებო და ბატონებო,


საქართველო მდიდარი კულტურისა და ისტორიის ქვეყანაა, რომელიც მუდამ იდგა და დღესაც დგას მსოფლიოს ცივილიზებული ერების გვერდით. საქართველოს თავისი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.


შესაბამისად,  ჩვენ დღესაც ჩართულები ვართ იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას დღეს მთელი კაცობრიობა. ჩამონათვალი, სამწუხაროდ, დიდია: კონფლიქტები, ტერორიზმი, მიგრაციული კრიზისი, ლტოლვილთა პრობლემა, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, - ეს ის პრობლემებია, რომლებთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევასა და ურყევ პოლიტიკურ პოზიციას მოითხოვს გაეროსგან, მისი თითოეული წევრი ქვეყნისგან. ამ გამოწვევათა დაძლევა  გვჭირდება ყველას, თითოეულ ჩვენგანს, რათა მსოფლიო გავხადოთ უკეთესი.


ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული ინტერესების დაცვა ურთიერთპატივისცემით უნდა ხდებოდეს და არავითარ შემთხვევაში - ერთმანეთის ხარჯზე.


სწორედ ამ კონტექსტში მინდა გამოვეხმაურო ამ გენერალური ასამბლეის თემას და განვაცხადო, - მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში, მშვიდობიანი, მდგრადი, სამართლიანი საზოგადოებების  განვითარებისთვის და ხელი შევუწყოთ ამ პროცესში გაეროს როლის გაძლიერებასა და მისი მიზნების უკეთ შესრულებას.


ძვირფასო კოლეგებო,


100 წლის წინ დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებით საქართველომ თავისი ცივილიზაციური არჩევანი კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამით ჩვენი ერის მომავალი განსაზღვრა - ჩვენი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახშია.


ეს არჩევანი დღესაც უცვლელია, ეს გახლავთ ევროპული იდენტობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი.


საქართველო თავისი ღირებულებებით, თავისი შეტანილი წვლილით ყოველთვის იყო ევროპის ორგანული ნაწილი და დღესაც ევროკავშირთან წარმატებული თანამშრომლობით განაგრძობს ამ გზაზე წინსვლას.


100 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მის კონსტიტუციას სწორედ ის ღირებულებები და პრინციპები დაედო საფუძვლად, რომლებიც დღემდე აქტუალური და პროგრესულია.


ამის დასტურად მხოლოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ - 100 წლის წინანდელ საქართველოს მრავალპარტიულ პარლამენტში უკვე წარმოდგენილი იყო 5 ქალი, რაც იმდროინდელი დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც კი დიდი იშვიათობა გახლდათ. 


სწორედ ასეთ დიდ მოვლენას, დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს წელს ჩემი ქვეყანა, რომელმაც 27 წლის წინ აღიდგინა დამოუკიდებლობა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შენება დაიწყო. ეს თითქოს ისტორიისთვის ცოტაა, მაგრამ, ბევრია იმ ქარტეხილებისთვის, რომელთა გადატანაც ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას მოუწია. დღეს ქართული სახელმწიფო ზუსტად იმ ღირებულებების მემკვიდრე და გამგრძელებელია, რომლებსაც საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი.


პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკანასკნელ წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული ცვლილებებისა და რეფორმების შედეგია.


ძლიერი პარლამენტი, ზეპარტიული პრეზიდენტი, დამოუკიდებელი სასამართლო,  ეფექტიანი მთავრობა არის იმ ისტორიული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, რომელიც წარმატებით განვახორციელეთ - ქვეყანა ამ ცვლილებებით სწორედ ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადადის.


ჩვენთვის ქვეყნის განვითარების ამოსავალი წერტილია თავისუფალი ადამიანი და მის მიერ შექმნილი ადამიანური კაპიტალი. განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, განათლების სისტემის მოდერნიზაცია კიდევ ერთი გარღვევა იქნება იმ  მთავარი გამოწვევის გადასაჭრელად, რომლის დღეს დგას ჩემი ქვეყნის წინაშე. მხოლოდ განათლებული, მოტივირებული, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს პროგრესს, დაძლევს სიღარიბეს და საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური  ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში.


მცირე ზომის და მოქნილ მთავრობას აბალანსებს ძლიერი საჯარო - ინსტიტუციური კონტროლის მექანიზმები და სამოქალაქო საზოგადოება, რაც  ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნით გაეროს მიერ განსაზღვრული გეგმის მე-16 პუნქტის მიხედვით ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს.


გასულ წელს საქართველოს არჩევა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარედ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების ერთმნიშვნელოვანი აღიარებაა და კონკრეტული შედეგების მომტანია ჩვენი საზოგადოებისთვის.


ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ღირსების დაცვა ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, უკანასკნელ წლებში საქართველო გახდა ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ჩვენ დავძლიეთ უმძიმესი გამოწვევა, რომელიც პენიტენციურ სისტემაში დაგვხვდა. დღეს თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს ციხეებში  პატიმართა უფლებების დაცვის მხრივ.


ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში, რომელსაც ვაგრძელებთ და დაგეგმილი გვაქვს რეფორმის შემდეგი ეტაპი.


ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. 2018 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიციები კიდევ უფრო გაიუმჯობესა. განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს ინტერნეტის თავისუფლების კუთხითაც.


დემოკრატიის მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებას განმსაზღვრელი როლი აქვს,  ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, მით უფრო ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, ქვეყნის ჰარმონიული განვითარება შეუძლებელია. ჩვენი სურვილია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.


მდგრადი განვითარების პოლიტიკის ჩარჩოებში ჩვენ პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა.


ამასთან ერთად ვავითარებთ ციფრულ ეკონომიკას, რომელიც თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას.


ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია ეფუძნება ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ჩვენ ვართ წარმატებულები ამ სტრატეგიის რეალიზაციაში, რომელიც გულისხმობს საქართველოს გადაქცევას რეგიონის ეკონომიკურ, ტურისტულ, ლოგისტიკურ და საგანმანათლებლო ცენტრად. ამას ცხადყოფს ჩვენი მოწინავე პოზიციები წამყვან საერთაშორისო რეიტინგებში.


ჩვენი ქვეყნის უნიკალური გეოგრაფია, სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის,  საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ცივილიზაციათა შეხვედრის, კულტურათა დიალოგის მიმზიდველ ადგილად ხდიდა. ჩვენ დღესაც ვასრულებთ ამფუნქციას და შესაბამისად,  ვახორციელებთ ამბიციურ და საპასუხისმგებლო პროექტებს.


რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ამ ტრიბუნიდან მივმართეთ მსოფლიოს და შევთავაზეთ “აბრეშუმის გზის ფორუმის” ჩატარება საქართველოში. ჩვენ ეს ფორუმი არა მარტო რეალობად ვაქციეთ, არამედ ამით საქართველომ დაიბრუნა ისტორიული როლი აბრეშუმის გზის დიდ რეგიონში.


დღეს კი მსურს, ახალი ინიციატივით გამოვიდე და შემოგთავაზოთ “თბილისის ფორუმის” ჩატარება, რომლის მთავარი მიზანი იქნებაშავი ზღვის რეგიონი და კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია - გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობის და განვითარების სივრცედ.


საქართველოს ყველა მიღწევა, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რეგიონში ლიდერის პოზიცია მრავალი მიმართულებით, სწორედ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის შედეგია, რაც  კონსტიტუციითა და პარლამენტის შესაბამისი რეზოლუციით გახლავთ გამყარებული.


დინამიკური და ყოვლისმომცველი გახდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები. საქართველო  ნატოს ასპირანტი ქვეყანაა, იგი გახლავთ ალიანსის „გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორი“ და ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი  ავღანეთში ნატოს მისიაში, რითაც საქართველ ოსთავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების თვალსაზრისით.


მოგეხსენებათ, რამდენად შემაშფოთებელია საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხე, რომელიც დღეს გაცილებით დიდი და ფაქტობრივად ყოვლისმომცველია, ვიდრე ოდესმე. ტერორიზმი 21-ე საუკუნეში ყველასთვის საერთო მტერია. ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო იდგა და ყოველთვის იდგება საერთაშორისო საზოგადოების გვერდით. სამწუხაროდ, მრავალი რჩეული ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა ამ გლობალურ ბრძოლას.


ყველა ვთანხმდებით, რომ ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითა და პასუხისმგებლობის გაზიარებით არის შესაძლებელი, ისევე, როგორც მისი პრევენცია და მასზე ადეკვატური რეაგირება. მე მჯერა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ამ საერთო გამოწვევას.


ქალბატონებო და ბატონებო, 


საქართველოს სატკივარი არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა.


2008 წელს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია მსოფლიოს მიერ მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემად იყო აღქმული.


მოვლენების შემდგომმა განვითარებამ უკრაინაში გამოაჩინა, რომ მაშინდელი მსოფლიო თანამეგობრობა არ აღმოჩნდა მზად, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მიეცა ამ აგრესიისთვის.


სამწუხაროდ, გაერო - არაეფექტური აღმოჩნდა ამ გამოწვევების წინაშე. მეტიც, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს გლობალური უსაფრთხოების სისტემური ეროზია. დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება უფრო ძლიერი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.


დღეს მსოფლიო საზოგადოება საჭიროებს ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც შეძლებენ, არსებულ გამოწვევებს მისცენ კონკრეტული შეფასება, მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და ასევე იმ რისკების პრევენცია, რომლებიც ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას.


მოგეხსენებათ, გაეროს რეფორმირების საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოდის, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საქმეში სერიოზულ წარმატებებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომაც, გაეროს რეფორმირების საკითხი კვლავ აქტუალურია და ვფიქრობ, სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.


დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი ეპოქის გამოწვევებისა და ჯერ კიდევ უცნობი პრობლემების წინაშეა, თითოეული ჩვენგანის და ყველასი ერთად ამოცანაა, ვიზრუნოთ და ერთობლივად გადავლახოთ გლობალური გამოწვევები იმისთვის, რომ მშვიდობიანი და უკეთესი მსოფლიო დავუტოვოთ მომავალ თაობებს!",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.