ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„იმ შემთხვევაში, თუ განვითარებული მოვლენები მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სახეს მიიღებს, რა თქმა უნდა, რუსეთი რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს დაიცავს. ეს დასაბუთებული და აბსოლუტურად გასაგებია პოზიციაა“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ შეუძლია საეკლესიო დიალოგში ჩარევა, არასდროს გაუკეთებია ეს და მომავალშიც არ გააკეთებს.
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურას იწყებს.
გარდა ამისა, სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა. წმინდა სინოდის განჩინება კონსტანტინოპოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მედიის წინაშე წაიკითხა.
ამას გარდა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა სტამბოლში 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდა. სტამბოლში იმყოფებოდნენ კიევში მსოფლიო პატრიარქის მიერ მივლენილი ეგზარქოსები, რომლებიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სინოდის სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ.