როგორც ჟურნალისტებს ბოკუჩავამ განუცხადა, ყველა სახის განცხადებას გმობს შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.
„ორი პირი, რომელიც დასახელებული იყო აუდიოჩანაწერში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან, თუმცა ვგმობთ ყველა სახის განცხადებასაც კი შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, დაუყონებლივ გამოიძიოს, ჩანაწერი არის თუ არა ავთენტური და რა ვითარებაში მოხდა ჩაწერა. გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერი გაკეთებულია თათბირზე, რადგან ისინი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას არ ვენდობით, მოვითხოვთ, რომ გამოძიება ჩაატარონ. ჩემთვის ორი ქალის სახელი და გვარია ცნობილი, ერთ-ერთს ვიცნობ, თუმცა ვადასტურებ, რომ მათ გაერთიანებულ შტაბთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ. არ ვაპირებთ, რომ ვინმეს ან რამეს ხელი დავაფაროთ, გამოიძიონ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
„ქართულმა ოცნებამ“ აუდიოჩანაწერი დღეს გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს.