ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, პარლამეტის წევრი მარიამ ჯაში, „შენების მოძრაობის“ წევრი დავით უსუფაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია , ასევე იტალიელი და ქართველი ბიზნესმენები, მოდის სფეროს წარმომადგენლები და უბრალოდ იტალიური კულტურის მოყვარული საზოგადოება დაესწრო. ღონისძიება საქართველოში იტალიური დღეები 2019-ის ფარგლებში გაიმართა.
საღამო იტალიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულმა იანო თამარ ალიბეგაშვილმა შეასრულა. ამის შემდეგ იტალიის ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა.
”დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იტალიის რესპუბლიკის თავისუფლების 73 წლის იუბილეს. ეს დღესასწაული დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების და მათი მნიშვნელობის შეფასებისა და საქართველოსთან ურთიერთობის პროგრესის აღნიშვნის მომენტია. ამავე დროს, ეს დღე იტალიური ცხოვრების სტილის წარდგენაცაა. ჩვენ ქართველ მეგობრებს სილამაზეს, გემოვნებასა და ოსტატობას ვთავაზობთ. ამ ღონისძიებით ჩვენ საქართველოს ვუზიარებთ გამოცდილებას ეკონომიკური და პოლირიკური დამოუკიდებლობისთვის მუშაობაში და დღეს, როგორც არასდროს ინტენსიურია ჩვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც. როგორც მან აღნიშნა, იტალიასა და საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რადგან ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ, პირველ რიგში, ღვინო, კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა, ოპერა და მხატვრობის სიყვარული.
„დღესასწაული, რომელსაც დღეს აღვნიშნავთ იტალიის რესიპუბლიკის დღეა . იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი ქვეყანაა, რომლის წევრობასაც საქართველო აპირებს. თქვენ ხართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. პოლიტიკურად თქვენ ყოველთვის მხარს გვიჭერდით და ვიცი, რომ კვლავ ჩვენს გვერდით დარჩებით ჩვენი გზის ამ ბოლო ეტაპზე, რომელიც ევროკავშირამდე და საქართველოს სრულ ტერიტორიულ გამთლიანებამდე მიგვიყვანს. მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ღირშესანიშნავი დღე. მინდა მივულოცო ყველა ჩვენს იტალიელ მეგობარს და ვუსურვო თქვენს ქვეყანას უამრავი წარმატება, რათა ის საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი მოკავშირე გახდეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ერთი საღამოს ფარგლებში გამართული უამრავი ღონისძიება, „ ეხმიანებოდა კონცეფციას „Vivere all’italiana“-ს ანუ „ცხოვრება იტალიურად“. სწორედ ამიტომ ღონისძიებაზე სტუმრებს იტალიური კრეატიულობის ნამდვილი ზეიმი დახვდათ.
გაიმართა გამოფენები: Tour around Italy, სააგენტო ANSA-ს მიერ მოწოდებული ფოტოექსპოზიცია, რომელიც იტალიურ სტილზე, ტექნოლოგიებზე, სამზარეულოსა და ბუნების სილამაზეზე გვიამბობდა; იტალიური სავაჭრო ნიშნების მუზეუმთა ასოციაციის Museimpresa-ს ექსპოზიცია 50+! Il Grande Gioco dell Industria, რომელიც ისტორიული თუ თანამედროვე ბრენდების საკულტო ნივთების მეშვეობით მოთხრობილი დიზაინის ისტორიაა; ფოტოგალერეა I Borghi più belli d’Italia- იტალიის უმშვენიერესი პატარა ქალაქებისა და დასახლებების უმშვენიერესი კადრები; ასევე იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული პროექტების ფოტოგამოფენა, რომელიც თანამედროვე შენობა-ნაგებობებსა და ურბანულ პეიზაჟებს ეძღვნება.
„ჩვენ წლების განმავლობაში იტალისთან ჩამოგვიყალიბდა უაღრესად მეგობრული თანამშრომლობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. ჩვენ არა ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენის მომსწრე გახლდით ეროვნულ მუზეუმში რომლის ორგანიზებაც მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენი თანამშრომლობის მთავარი ნიშა სწორედ გამოცდილების გაზიარება. იტალია ცნობილია როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვით, ასევე ამ პროცესში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციით. ბუნებრივია დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილია ეროვნული დღესასწაულების გაზიარება და მინდა მივულოცო იტალიის რესპუბლიკას თავისუფლების 73 წლის იუბილე“,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
საღამოზე ჟღერდა იტალიური კინომუსიკაც - ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ და თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა მორიკონეს, როტასა და პიოვანის ყველასთვის საყვარელი მელოდიები შეასრულეს.
ღონისძიების სტუმრების თქმით, იტალიური ცხოვრების წესი და კულტურა საქართვლოსთვის ნაცნობ განწყობებთან ასოცირდება, რაც ჩვენთვის წარმატებული ცხოვრების იმედი შეიძლება იყოს.
„იტალია ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა ევროპაში, ძალიან ბევრი თვალსაზრისით. სწორედ იტალიასთან ურთიერთობით შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. კერძოდ, თუ როგორ შეიძლება ტემპერამენტისა და უწესრიგობის მოქცევა წესრიგსა და რაციონალიზმში. მე საქართველოს საბოლოო წარმატების იმედი მას სემდეგ მომეცა, რაც იტალიაში რამდენიმე დღე გავატარე და ვნახე, რომ დიახ, ისევე როგორც საქართველოში გერმანული თუ შვედური სიზუსტით მოწყობილი ქვეყანა ვერასდროს გვექნება, მაგრამ იტალიის მაგალითზე ვნახე როგორ შეიძლება ცხოვრების 90% მოქცეული იყოს კანონისა და წესების ჩარჩოებში და 10% დატოვებული იყოს სილაღისა და თავისუფლებისთვის. ამით ჩვენ შეგვიძლია დავემსგავსოთ იტალიას, მითუმეტეს, რომ იყო დრო, როცა საბჭოთა კავშირში სხვა ხალხები საქართველოს „საბჭოთა კავშირის იტალიას“ ეძახდნენ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იყო იტალიური მოდის უახლესი ტენდენციები, სილამაზისა და ელეგანტურობის, ფერებისა და ქსოვილების ნამდვილი კალეიდოსკოპი.
მრავალფეროვანი სანახაობით დატვირთულ დღესასწაულზე უამრავ დელიკატესთან ერთად, სტუმრები მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ იტალიურ პროდუქციას: „პროსეკოს“, „პარმიჯანოსა“ და „მორტადელას“ გაეცნენ. ასევე გაიმართა კულინარიული შოუ იტალიელი შეფ-მზარეულის სტეფანო ბოსელის მონაწილეობით.
იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი პარტნიორისა და სპონსორის დახმარებით გაიმართა.
საქართველოში იტალიის დღეების ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში მნახველისთვის ღიაა მულტიმედიური გამოფენა Immagica, რომელიც 5 საუკუნეს მოიცავს და გაგაცნობთ თეტალიურ ხელოვნებას ჯოტოდან კანოვამდე.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იტალიას შორის 1992 წლის 11 მაისს დამყარდა.