ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
აქვე აღნიშნულია, რომ რუსი და „საერთაშორისო“ დამკვირვებლების თქმით, საარჩევნო პროცესი შეესაბამებოდა არჩევნების ჩატარების სტანდარტებსა და პრინციპებს, ასევე ხალხის ნების გამოხატულებას.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტო „პირველი“ კონფლიქტოლოგ ზურაბ ბენდიანიშვილს ესაუბრა.
– როგორი განწყობაა ადგილობრივ საზოგადოებაში ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შემდეგ?
– უარყოფითი და საპროტესტო განწყობა არ არის, რადგან ბევრ პარტიაზე გადანაწილდა ხმები და ამომრჩეველთა ძირითადმა ნაწილმა შეძლო „პარლამენტში“ სასურველი ძალის შეყვანა.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა მაღალი აქტიურობა. რა იყო მაღალი აქტიურობის მიზეზი? მოსახლეობა საკუთარი ნებით მივიდა არჩევნებზე თუ იყო გარკვეული სახით ზეწოლის შემთხვევებიც?
– ვერ ვიტყოდი, რომ მაღალი აქტიურობა იყო, უფრო პირიქით - დაბალი. აღნიშნულს რამდენიმე მიზეზი აქვს: ალა ჯიოევას „პრეზიდენტად“ არჩევამ და შემდეგ ოფიციალური მოსკოვის მიერ შედეგების გაუქმებამ სკეპტიციზმი გააჩინა მოსახლეობაში. მეორე მიზეზი ისაა, რომ ამ არჩევნებს თან ახლდა კანდიდატების მხრიდან ერთმანეთის უპრეცედენტო ლანძღვა და კრიტიკა პირდაპირ ეთერში, რამაც ასევე სკეპტიციზმი გააჩინა მოსახლეობაში. პირდაპირი ზეწოლა მოსახლეობაზე არ ყოფილა. ოსურ მცირერიცხოვან „საზოგადოებაში“ ძალიან ბევრი პარტია იყრიდა კენჭს და ამ პარტიების წარმომადგენლებმა თავისი ახლობლები და ნათესავები მიიყვანეს ურნებთან, თორემ ეს შედეგიც არ იქნებოდა. ზოგადად ამ „არჩევნებს“ არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკური დღისწესრიგისთვის, რადგან თვისობრივად არაფერი შეცვლილა და არც იყო მოლოდინები, რომ რამე შეიცვლებოდა. ერთი ნიუანსი ის არის, რომ რუსეთთან შეერთების ლოზუნგით „ხელისუფლებაში“ მოსულმა ბიბილოვმა ეს რეიტინგი დაკარგა, რაც მისი პიროვნული სისუსტე უფროა, ვიდრე ოსურ „საზოგადოებაში“ პოლიტიკური განწყობების ცვლილება.
– თქვენ როგორ შეაფასებდით რაში დაინახა კრემლმა ე.წ. რესპუბლიკის დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარების ხელშეწყობა?
– რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კი სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ე.წ. სახელმწიფოებრიობანას თამაშობს, რასაც არანაირი საერთაშორისო კონტექსტი არ გააჩნია.