საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 4 ივლისს განხორციელდა ცვლილება, რომლითაც ახლებურად ჩამოყალიბდა "არაერთგზისი დანაშაულის" ცნება. ცვლილებამდე პირის მიერ ერთი და იმავე დანაშაულის ორჯერ ჩადენა "არაერთგზისობად" ითვლებოდა, ცვლილების შემდეგ კი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანისათვის პირი უკვე იყო წარსულში ნასამართლევი.
მოსარჩელის პოზიციით, ცვლილებების განხორციელების შემდგომ მოქმედი წესის გამოყენების შემთხვევაში, მის მიერ წარსულში ჩადენილი ქმედება არაერთგზის დანაშაულად არ დაკვალიფიცირდებოდა და არ გამოიწვევდა მისთვის განსაკუთრებით მძიმე სასჯელის, უვადო თავისუფლების აღკვეთის დაკისრებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ კანონში განხორციელებული ცვლილება ამსუბუქებდა მის პასუხისმგებლობას, ხოლო რადგან ეს ცვლილება არ ვრცელდებოდა წარსულ ურთიერთობებზე, ირღვეოდა თანასწორობის უფლება და შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური პრინციპი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პასუხისმგებლობის გამაუქმებელი ან შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გავრცელების ვალდებულებას. არაერთგზისი დანაშაულის ცნების ცვლილება, რიგ შემთხვევებში, იწვევდა პირისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომის შემსუბუქებას.
ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის არაერთგზისობის ცნების ცვლილება და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის შემსუბუქება ნაკარნახევი იყო ცვლილებამდე არსებული შედარებით უფრო მკაცრი სასჯელის ზომის საჭიროების არარსებობით. ამ პირობებში კი, ახალი კანონის მოქმედების წარსულ ურთიერთობებზე გაუვრცელებლობა იწვევდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა შემამსუბუქებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციური პრინციპისა და თანასწორობის უფლების მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატს უფლება აქვს მიმართოს საგამოძიებო უწყებას და ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე მოითხოვოს უვადო პატიმრობის გარკვეულ ვადამდე შემცირება.