თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "მუხროვანის ამბოხი" საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უმძიმეს შავ ლაქად შეაფასა. სესიაშვილმა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ამ კონტექსტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას ჰკითხა "განხორციელდა თუ არა მოცემულ საქმეზე მის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა".
"ჩვენი ქვეყნის თანამდეროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო მუხროვანის ე.წ. ამბოხი. ეს უმძიმესი შავი ლაქა იყო ისტორიაში, ღირსეული ოფიცრები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე მხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილს წაგებული ომის შემდეგ ყველაფერი გადაებრალებინა და დაეშოშმინებინა ჩვენი ღირსეული ოფიცრები. შეიძლება ყოფილიყო საუბარი მეთაურის ბრძანებასთან მიმართებაში, დაუმორჩილებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი ფაქტი არ იყო, დამტკიცებულიყო, რომ აქ საქმე გვქონდა ამბოხთან. კობა კობალაძე მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ სააკაშვილმა ვერ მოითმინა და წინასწარ თქვა - კობა კობალაძე ჯერ არ გყავთ დაჭერილიო?! სტრასბურგის სასამართლოსი შეეშინდა. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ეს იყო უმძიმესი პოლიტიკური ანგარიშსწორება. იყო თუ არა თქვენზე ზეწოლა ამ საქმეზე",-მიმართა სესიაშვილმა ალანიას.
ალანიას განცხადებით კი, ნებისმიერი მოსამართლის მხრიდან იგივე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.
"ეს პირები ნამდვილად იყვნენ გმირები, როდესაც ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას 2008 წელს. ჩემი პატივისცემა სხდომაზეც გამოვხატე, მაგრამ დანაშაული და ქმედება, რომელიც მათ შეერაცხათ, ის მტკიცებულებები, რომელიც იქნა წარმოდგენილი, ეს დანაშაული გახლავთ ფორმალური ხასიათის დანაშაული. არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მსგავსი ქმედება არ მინდა ვუსურვო საქართველოს, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს, მათ ასევე აღნიშნეს, რომ ისინი არ დაემორჩილენ ხელმძღვანელობას და ეს არის ზუსტად დანაშაული, როცა არ ემორჩილები ხელმძღვანელობას, ეს უკვე კანონით დასჯადია. ნებისმიერ ქვეყანაში ისჯება და ნამდვილად არ ვუსურვებ საქართველოს მსგავსს. მსგავსი შემადგენლობის შემთხვევაში, ჩემი მხრიდან და ნებისმიერი მოსამართლის მხრიდან მიიღება იგივე გადაწყვეტილება. შეიძლება ვიდაოთ კვალიფიკაციის ხარისხზე, სასჯელის ოდენობაზე, მაგრამ დანაშაულის არარსებობაზე ვერ დაგეთანხმებით",-აღნიშნა თამარ ალანიამ.