ამჯერად მას კითხვები ბიძინა ივანიშვილის საქმის მაშინდელმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ დაუსვა.
ბესელიამ ის პერიოდი დეტალურად გაიხსენა და თქვა, რომ ხსენებულ საქმეზე სახეზე იყო აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„თქვენ თქვით, რომ სხვაგვარად არ შეგეძლოთ, რომ იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით ახლაც, რომ ის გადაწყვეტილება იყო კანონიერი, რომ არავის ზეგავლენა არ მოუხდენია. მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ 2-ჯერ თქვენი აცილება, რადგან თქვენს მიუკერძოებლობაში ეჭვი შევიტანეთ, რადგან მოგვთხოვეთ მტკიცებულებების გამოთხოვა იმ ადმინისტრაციული ორგანოდან, რომელმაც ერთ დღეში ისე ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს მოქალაქოება, არც დაუძახეს, არც აზრი ჰკითხეს, არც პროცედურა გაიარეს, არც მტკიცებულებები მოაგროვეს და დაამაგრეს, 7 ოქტომბერს რომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება, 3 დღეში სააკაშვილმა გადაწყვიტა, მოქალაქეობა ჩამოერთმია, რადგან საშიში იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა. თქვენ, მოსამართლემ, რომელმაც იცოდით, რომ ივანიშვილმა გააკეთა განცხადება 7 ოქტომბერს და თქვა, რომ უარს ამბობდა საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე და იტოვებდა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობას, ამით მან გააკეთა საჯარო განაცხადი, რომ მზად იყო ორივე ქვეყნის მოქალაქეობაზე ეთქვა უარი და დაეტოვებინა მხოლოდ ის მოქალაქეობა, რომელიც საგამონაკლისო წესით მიენიჭა.
ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მას მოქალაქეობა მიენიჭა მას შემდეგ, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სააკაშვილმა ეს აღიარა 2004 წელს, როცა უკვე ამ ერთი ქვეყნის მოქალაქეობა უკვე ჰქონდა. ამიტომ იყო თქვენი გადაწყვეტილება უკანონო. ეს კიარ იყო ის შემთხვევა, რომ მან მოქალქეობა ისე მიიღო, რომ დაუმალა თავის ქვეყანას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, არა, პრეზიდენტმა მას მიანიჭა საგამონაკლისო წესით, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემდეგ საფრანგეთის მოქალაქე გახდებოდა თუ გერმანიი,ს იმ საგამონაკლისო წესით მინიჭებულ გადაწყვეტილებაზე ეს ვერ იმოქმედებდა კონსტიტუციით.
მე მქონდა მისი პასპორტი და ასლი მოგიტანეთ. გთხოვდით მაშინ, რომ ეს დოკუმენტაცია გამოგეთხოვათ ადმინისტრაციული ორგანოსთვის. ეკატერინე ხვედელიძეს საფრანგეთის მოქალაქეობის შემდეგ ჰქონდა მინიჭებული, ეს კიდევ უფრო სხვა შემთხვევა იყო, თანაც ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკურად არ იყო საშიში სააკაშვილისთვის.
ექსპერტების მოწევევაზე უარი გვითხარით, ეს ის შემთხვევა იყო, სადაც აშკარად პოლიტიკური გადაწტვეტილება იყო მიღებული“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ბესელიამ შოთა გეწაძეს სთხოვა,საქმეზე გულწრფელად, ღიად და პატიოსნად ეთქვა, იყო თუ არა პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებაზე.
მოსამართლის თქმით, იმ დროინდელი კანონმდებლობით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც, შოთა გეწაძემ თქვა, რომ ეკა ბესელიამ, როგორც ადვოკატმა, მაშინ შეცდომა დაუშვა.
„ფაქტები ცოტა სხვაგვარად არის. თუ ფაქტები არ გავასწორეთ, სხვა შედეგი იქნება. ივანიშვილთან დაკავშირებით იყო სრულიად სხვა შემთხვევა და აქ იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით მოქალაქეობის შეწყვეტა.დღეს ასე აღარ არის. ჩემთვის მთავარი არ არის პერსონა, მთავარია სამართლებრივი საკითხი. შეიძლება მოსამართლეს ჰქონდეს სხვაგვარი შინაგანი განწყობები, და მქონდა გარკვეული შინაგანი განწყობა, მაგრამ ეს კანონს ვერ გადაწონიდა.ჩემი შინაგანი განწყობა არ უნდა მოქმედებდეს სასამართლო გადაწყვეტილებაზე.დღეს რომ ის კანონმდებლობა არსებობდეს, იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც ადვოკატებმა შეცდომები დაუშვით, შეცდომებით აწარმოეთ ეს დავა“,-მიმართა მოსამართლე შოთა გეწაძემ ეკა ბესელიას.