ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველოში ვირუსის ახალი აფეთქება არ მოხდება, თუ გარედან არ იქნა ამის შემოტანა.
„შეიძლება ითქვას, რომ პრინციპში, ესაა მეორე ტალღა, იმიტომ, რომ რაღაც პერიოდი თითქოს აღარ ფიქსირდებოდა და ეს არის რეციდივი იმ დამალული შემთხვევებისა, რომელიც უსიმპტომოდ მიდიოდა, ან ვერ ვლინდებოდა.
"იმიტომაცაა, რომ ბოლოს რომელი ახალი შემთხვევაც ფიქსირდება, ყველა ნაცნობი კლასტერებიდანაა, ესენი არიან, რასაც ჰქვია ნარჩენი მოვლენები და აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ მესამე ტალღა იყოს, თუ გარედან ვირუსის შემოტანა არ მოხდება" - განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა, ვირუსმა კი ყველაზე მეტად ბრაზილია დააზარალა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ მაღალია.
ხმალაძის თქმით, ცხელ ქვეყნებში ვირუსის გავრცელება ნიშნავს იმას, რომ ინფექცია ადამიანებთან უშუალო კონტაქტისას ხდება.
„იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მაღალი ტემპერატურის არსებობისასაც შესაძლოა ვირუსმა გაძლოსო, მაგრამ იცით რაშია საქმე? ადამიანის გარეთა ტემპერატურა ვერასდროს ვერ მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელზეც ვირუსი კვდება, მაშინ ადამიანიც მოკვდება.
"ვირუსის გადადება უშუალოდ პირდაპირ ხდება, ანუ პაციენტი რომ დაახველებს, დააცემინებს, ან დაილაპარაკებს, ჯანმრთელ ადამიანში ნერწყვის საშუალებით თუ სხვა საშუალებით მოხვდება, ამ პროცესში ვირუსი უშუალოდ ვერ ასწრებს იმ მაღალი ტემპერატურის პირობებში მოხვედრას, შესაბამისად ეს ვირუსი მაღალი სიცხის პირობებშიც ვრცელდება.
„ამ ადამიანების განცალკევება ეპიდემიოლოგიურად თუ არ მოხდა, ვერანაირად ვერ მივაღწევთ შედეგს, ამიტომ ამ ადამიანების იზოლირება და განცალკევება შესაბამისად უნდა მხდეს.
„ქართველები ბოლო ხანებში შევეჩვიეთ იმას, რომ ქართული არაფერი ვარგა, არც ნაწარმი და არც გატარებული რაღაცა ღონისძიებები, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ ქართველებმა ყველაზე ადრე დაიწყეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფიქრი და ამაზე მუშაობა - ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოს რეალურად სერიოზული დახმარება გაუწია ვირუსთან ბრძოლაში.
„მეორე ის, რომ შემოსული ხალხის შემოწმება დროულად მოხდა და არა ისე, როგორც ერთი პერიოდი ჩინეთში იყო, შუბლზე ხელის დადებით სიცხეს, რომ უმოწმებდნენ, ასევე მაქსიმალურად მოხდა არეოპორტებიდან შემოსული ხალხის იზოლირება.
„ამას ემატება მთავრობის მიერ გატარებული ზომებიც, ამაში მთავარი ისაა, რომ მთავრობა მოქმედებდა არა სპონტანურად, არამედ პროფესიონალების რეკომენდაციებით.
"ინფექციურ დაავადების გავრცელების შესაკავებლად მთავარი იზოლაცია და დისტანციაა, თუმცაღა, მე მაინც ასეთი ეჭვი მაქვს, რომ გარკვეულწილად ასე ვთქვათ „ქართულმა იმუნიტეტმა" იმოქმედა, ანუ ქართული ორგანიზმი ვირუსს მეტ-ნაკლებად მზად შეხვდა.
„ასევე, შესაძლოა იყო რაღაც ჯვარედინი იმუნიტეტი, ასევე, ნუ გვავიწყდება, რომ საქართველოში ძალიან კარგადაა იმუნიზაციის პროგრამების ფუნქციონირება და რა თქმა უნდა ისევ და ისევ მთავრობისა და ექიმების რეაგირება"- განაცხადა ხმალაძემ.