დაიბადა ლესიჭინში და შემდეგ მშობლებთან ერთად გადავიდა ოზურგეთში, შემდეგ – თბილისში. იყო მოცეკვავე და არის მრავალცოლიანი. არის ტანდაბალი, ჭაღარა და ძალიან მხიარული. ოლეგ თავაძე, იგივე კუჭკუჭი, მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში, მსახიობად, ახლა კი საცირკო-საესტრადო ჯგუფის ხელმძღვანელია და საქართველოს რეგიონებში კონცერტებს ატარებს.
მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საკუთარი ცოლებისა და კურიოზების შესახებ გულახდილად ისაუბრა.
– ხომ ხედავთ, ასეთი პატარა ვარ, ძმა მყავს მაღალი და ტანადი. მამაჩემს რომ ვეკითხებოდი, მე რატომ გამოვედი ასეთი პატარა-მეთქი, შენზე ვივარჯიშე და იმიტომო.
დედაჩემს უნდოდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი. მამას – პროკურორი. ერთხელაც ცეკვიდან გასტროლებზე ვიყავი მოსკოვში და იქ გავიგე, რომ ვახტანგოვის სტუდიას ჰქონდა მიღება. ჩავაბარე გამოცდები და მოვხვდი.
შემოვუთვალე მშობლებს, არ ატეხოთ ამბავი, მსახიობი გამოვალ და პროკურორის როლში როცა ვიქნები, მამას დავასწრებ სპექტაკლზე, ექიმის როლში რომ ვიქნები – დედას-მეთქი.
შემოვრჩი ასე მოსკოვში და კარგა ხანს ვიცხოვრე იქ. ჩემი პედაგოგი იყო გიორგი ვიცინი და მეუბნებოდა ხოლმე, მოუსვენარი ხარ, მაგრამ კარგი ხარო.
ვალერი ლეონტიევთან ვმეგობრობდი. 1994-94 წლის საახალწლო „გალუბოი აგანიოკში“ ვმონაწილეობდი კიდეც. მერე ღამის კლუბებში გამოვდიოდი, ხანჯლებს ვყლაპავდი, ცეცხლს ვიკიდებდი. ახლა უკვე ცხელ ტყვიას ვისხამ პირში და გამყარებულს ვაფურთხებ.