ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირში სამსახური მხოლოდ აპრილში 397 000-მა ადამიანმა დაკარგა. ევროკავშირში უმუშევრობა 6.6%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
დიდ ბრიტანეთში ბრიტანული ნავთობის გიგანტმა BP-მ კორონავირუსის გამო 10 000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა. გარდა ამისა Mulberry-მ, რომელიც ბრიტანული მაღალი მოდის სახლია, 25%-ით შეამცირა თანამშრომლები. 12 000 სამუშაო ადგილი შეამცირა British Airways-მაც.
ფრანგულ საავტომობილო კომპანია „რენოს“ 15 ათასამდე თანამშრომლის დათხოვნა მოუწია. რაც შეეხება Airbus-ს, კომპანიის 10 ათასამდე ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე.
ბრიტანულ-გერმანულმა სამოგზაურო კომპანიამ Tui-მ 8000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა, რადგან, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „ტურიზმის სექტორს წარმოუდგენელი კრიზისის პერიოდი აქვს“.
თანამშრომლების დათხოვნა კიდევ ერთ გერმანულ საავიაციო გიგანტს, „ლუფთანზას“ მოუწია. კომპანიამ 11 ივნისს 22 ათასი თანამშრომელი გაუშვა სახლში.
იაპონურმა ავტომობილების მწარმოებელმა „ნისანმა“ ესპანეთში ქარხანა დახურა, სადაც 2800 თანამშრომელი იყო დასაქმებული. ყოფილმა თანამშრომლებმა ქარხნის წინ პროტესტის ნიშნად საბურავები დაწვეს.
სკანდინავიის ქვეყნებში 5000 ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, რომლებიც შვედურ-დანიური საავიაციო კომპანია „სკანდინავია ეარლაინსის“ თანამშრომლები იყვნენ.
სამსახურიდან გაათავისუფლეს „რინეარისა“ და „იზიჯეტის“ დაახლოებით 8000-მდე თანამშრომელი.