ოფიციალურად კენჭისყრის დღე 1-ელ ივლისსაა ჩანიშნული, თუმცა ხმის მიცემა, როგორც უბნებზე, ისე ელექტრონულად დღეს დაიწყო - ხელისუფლებამ საარჩევნო უბნები ერთი კვირით ადრე გაააქტიურა, რათა, მათი თქმით, თავიდან აიცილონ პანდემიის აფეთქება.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეეძლება, კიდევ ორჯერ გახდეს პრეზიდენტი, რითიც 2036 წლამდე დარჩება ქვეყნის მმართველად.
დარღვევები საარჩევნო უბნებზე
ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვანმა პაველ ლობკოვმა შეძლო, ორჯერ მიეცა ხმა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანისთვის. თავდაპირველად ლობკოვმა მოსკოვის ცენტრში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მივიდა და ბიულეტენი შემოხაზა, შემდეგ კი ელექტრონული ხმის მიცემის პლატფორმა mos.ru-ზე დააფიქსირა საკუთარი აზრი. იგი ვებგვერდზე ხმის მისაცემად ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა.
მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილია. ისინი გამარტავენ, რომ მსგავსი შემთხვევა უკვე რამდენჯერმე მოხდა სხვადასხვა უბანზე, რომლებზეც საარჩევნო ყუთები დალუქულია, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსნის საკითხი კი - განიხილება.
რეფერენდუმის კრიტიკოსები
რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის მთავარი ფიგურა, ალექსეი ნავალნი, არჩევნებს „გადატრიალებას“ და „კონსტიტუციაზე ძალადობას“ უწოდებს. სხვა კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს საშუალებას მისცემს, ძალაუფლება უსაზღვროდ გამოიყენოს მანამ, სანამ თავის შესაფერის „მემკვიდრეს“ არ იპოვის.
67 წლის კგბ-ს ყოფილი აგენტი რუსეთს უკვე 20 წელია, რაც მართავს როგორც პრეზიდენტის, ასევე - პრემიერ-მინისტრის რანგში. თუმცა მისი პოპულარობა რუსეთში ნელ-ნელა ეცემა ეკონომიკური კრიზისისა და საპენსიო რეფორმის გამო.
საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პუტინს კიდევ ორი ვადით ანიჭებს კენჭისყრის უფლებას, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა. თუმცა პრეზიდენტის ინიციატივით, საყოველთაო არჩევნები ცვლილებებს უფრო მეტ ლეგიტიმურობას შემატებს.
პარალელურად, პუტინის მოწინააღმდეგეები აგროვებენ ხელმოწერებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ ცვლილებებს.
წინასაარჩევნო კამპანია შოუს ელემენტებით
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ საარჩევნო პლატფორმაზე დარეგისტრირებისა და რეფერენდუმში მონაწილეობისთვის მთელ ქვეყანაში აქტიური კამპანია მიმდინარეობს.
„რუსეთი პატრიოტიზმსა და პრიზებს იყენებს, რათა მოსახლეობას აიძულოს, რეფერენდუმში ჩაერთოს“, წერს გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“.
არჩევნებს თამაშის და შოუს მიდგომა აქვს. „მიეცი ხმა და მიიღე შანსი, მოიგო სახლი, მანქანა, სმარტფონი ან ნაღდი ფული“ - მსგავსი შინაარსის მქონე ბანერები რუსეთის ყველაზე მიყრუებულ ქალაქებშიცაა გამოკრული.
გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიაში პატრიოტული და ჰომოფობიური ელემენტებით გაჯერებული ვიდეო-რგოლებიც მონაწილეობს სლოგანით „შეინარჩუნე ჩვენი სიმდიდრე“.
კამპანიაში ჩართულია ალექსანდრე პუშკინიც კი. პოსტერებზე ვკითხულობთ, როგორ მოუწოდებს პოეტი ამომრჩეველს, რომ ხმა მისცენ რუსეთში რუსული ენის სახელმწიფო ენის გამოცხადებას.
ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკში კი, რეფერენდუმში მონაწილეობით, ადამიანებს შეუძლიათ 10-დან ერთ-ერთი ბინა მოიგონ.
კამპანიის კიდევ ერთი ვიდეო ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ეხება. ვიდეოში, სადაც ნაჩვენებია 2035 წლის რუსეთი, ნაჩვენებია მოხუცი ქალი როგორ ზიზღით უყურებს გეი-წყვილს, რომლებმაც ობოლი ბიჭუნა იშვილეს და აიძულებენ, გოგოსავით ჩაიცვას. „გადაწყვიტე შენი ქვეყნის მომავალი“, წერია ვიდეო-რგოლის ბოლოში. რგოლი YouTube-მა უკვე დაბლოკა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საკანცელარიო და წიგნების მაღაზიებში უკვე იყიდება შესწორებული კონსტიტუცია.