ინდოეთის ხელისუფლების თქმით, ჩინური აპლიკაციები არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობენ, მოიპოვონ ინდოელი მომხმარებლებისგან პირადი ინფორმაცია.
ტიკტოკი უარყოფს მომხმარებელთა ინფორმაციის მიწოდებას ჩინური ხელისუფლებისთვის. ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ბლოკის გამო.
ექსპერტები ჩინური აპლიკაციების დაბლოკვას პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ.
ანტიჩინური მოწოდებები ინდოეთში მას მერე გაიზარდა, რაც გასულ თვეში ინდოეთისა და ჩინეთის საზღვარზე ჯარისკაცებს შორის შეტაკება მოხდა. დაღუპულია 20 ინდოელი სამხედრო პირი.
ჩინეთს დღემდე არ გაუკეთებია განცხადება და არც პასუხისმგებლობა აუღია.
ინდოეთი ნელ-ნელა ბოიკოტს უცხადებს ჩინურ პროდუქციას. ინდოეთის ხელისუფლებამ უკვე გამოსცა დირექტივები ჩინეთთან დადებული ხელშეკრულებების შემცირებასა ან გაუქმებაზე.
აპლიკაციების შემქმნელების განცხადებით, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინდოეთის ხელისუფლებასთან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინური აპლიკაციები ინდოეთში დაიბლოკა. 2017 წელს აპლიკაცია „ალიბაბას“ ინდოეთმა ბრალი დასდო იმაში, რომ ის ინდოელი მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს უნებართვოდ იყენებდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, წელს, ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ ყველა სამხედრო პირს მოსთხოვა, წაეშალა 42 ჩინური აპლიკაცია.