საინტერესოა, რას საქმიანობენ პირველი პრეზიდენტის შვილიშვილები?
კონსტანტინეს (კოკო) ხელოვნებათმცოდნე ნინო გამსახურდიასთან ორი ვაჟი ჰყავს – დემეტრე და ზვიადი, რომელიც ბაბუის მოსახელეა. ბავშვები ემიგრაციაში გაიზარდნენ. 1990-იანი წლების დასაწყისში კონსტანტინე ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა.
„1992 წლის იანვარში დავტოვეთ თბილისი, მე მაშინ ზვიადზე ფეხმძიმედ ვიყავი და დემეტრე სამი წლის იყო.
საქართველოდან წამოსულს, მართალია, ბევრს ემართება ნოსტალგია თუ დეპრესია. გასაგებიცაა, ჩვენ, ქართველებს არ გვაქვს ემიგრაციის ტრადიცია“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კონსტანტინე გამსახურდიას მეუღლე.
დემეტრე გამსახურდია ახალგაზრდა კომპოზიტორია, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულია.
„გერმანიის საელჩომ ბერლინში დადო დემეტრე გამსახურდიას ვიდეო, სადაცთავის ნაწარმოებს „შენ ხარ სიმი“ ასრულებს.
ეს არის თანამედროვე ამერიკული „მინიმალ მიუზიკლის“ სტილის მონათესავე, უფრო მედიტატიური, თითქოს გამეორებებია და თან არ არის.“ – დაწერა კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში.
კონსტანტინე გამსახურდიას მეორე ვაჟი – ზვიადიც მუსიკითაა გატაცებული.
„ეს ზვიადია, ჩემი უმცროსი ვაჟი. იგი შვეიცარიაში დაიბადა, დევნილობის პირველივე თვეებში. ბავშვობასა და მოზარდობაში ვირტუოზი მევიოლინე, ამჟამად ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი.
ამ დღეებში იგი იტალიურ ენაზე წაიკითხავს მოხსენებას „უმბერტო ეკოს სემიოტიკა, ანუ უსასრულო სემიოზი“, (ქართულად იგივე ნიშან-სიმბოლოების ენა) ამ თვალსაჩინო მწერლის თეორიულ შრომებზე დაყრდნობით.
მჯერა, რომ იგი ამჯერადაც წარმატებული იქნება“, – ეს პოსტი კი ვაჟის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ გასულ წელს გამოაქვეყნა.