ცისანა ჟურნალ „თბილისელებთან“ ახლანდელი მდგომარეობისა და განვლილი პერიოდის შესახებ ჰყვება:
– ახლახან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოგიწია ნერვიულობა. ოპერაციაც გაიკეთე. ახლა როგორ ხარ?
– სრულიად ჯანმრთელი ვარ, არ მოველოდი და ეს სერიოზული „დარტყმა“ იყო. ბოლო ორი თვე თავის ტკივილმა და თავბრუხვევამ შემაწუხა და გადავწყვიტე, ექიმთან წავსულიყავი. ხუთი წლის წინ მქონდა ტომოგრამა გადაღებული, თავი მაშინ გადაამოწმეს, თუმცა, არაფერი აღმოჩნდა. ახლაც მხიარულად შევედი ტომოგრაფიის გადასაღებათ, დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა არ მქონდა და აღმოჩნდა ანევრიზმა. ეს სერიოზული შოკი იყო ჩემთვის. ორი დღე გამიჭირდა, შოკში ვიყავი და ამ დროში ძალიან ბევრი რამ გადავაფასე. მთელი ცხოვრება დატრიალდა. მშობლებს არ ვუთხარი. 6 ივლისს გავიგე და 13 ივლისს უკვე საოპერაციოში შემიყვანეს. ნარკოზით გამიკეთეს. სისხლძარღვიდან შევიდნენ თავში, ნახეს რა ადგილას არის და როგორ. აღმოჩნდა, რომ ჯერ პატარაა და ექვს თვეში ერთხელ უნდა გადავიღო ტომოგრაფია, დავაკვირდე და თუ გაიზარდა, შემდეგ მოხდება ჩარევა. თუმცა, არც ესაა პრობლემა. მადლობა ღმერთს, რომ დროულად აღმოვაჩინე და თავის ტკივილი და თავბრუხვევა ანევრიზმასთან არაფერ შუაში ყოფილა. უბრალოდ, სრულიად შემთხვევით დაემთხვა და დროულად მივედი ექიმთან. ვხუმრობ: თავში მიდევს ბომბი-მეთქი, მაგრამ მარტივად ვუყურებ, რომ ახლობლები არ შევაშინო. უბრალოდ, უნდა დავაკვირდე და გავითვალისწინო რეკომენდაციები. მოკლედ, გამიმართლა.
– ახლა, როგორ ხარ?
– გადასარევად. ოპერაციამდე ბაკურიანში გახლდით, კახეთშიც დავისვენე. ახლაც ვგეგმავ დასასვენებლად წასვლას. კიდევ ვამბობ, რომ გავიგე, ორი დღე მომსახურების ზონიდან ვიყავი გასული. მერე მივხვდი, რომ მე თუ არ შემოვუძახე თავს, ისე არაფერი გამოვა, გადავკეტე ნეგატივი და გავეთიშე სამყაროს. ჩემმა მეგობრებმა ყველაფერი ორ დღეში მოაგვარეს და ოპერაციაც დამიგეგმეს. მანამდე კი კახეთში წავედი მეგობრებთან ერთად და გავაფრთხილე: ცუდზე არ მელაპარაკოთ, ყველაფერი კარგადაა-მეთქი. გადარეულები იყვნენ: ჩვენ ვკვდებით ნერვიულობით და შენ აქეთ გვამშვიდებ, რა ადამიანი ხარო (იცინის). ყველაზე მეტად დედ-მამის მოტყუება გამიჭირდა. ორი კვირა ვუმალავდი, ვემალებოდი და ოპერაციის მერე რომ ვნახე, ჯერ კიდევ ვკოჭლობდი. აი, ეს ორი კვირა ტყუილებში ცხოვრება გამიჭირდა და რომ გაიგეს, უკვე ყველაფერი ჩავლილი იყო. გადაირივნენ: სულ ხაზზე იყავი, მხიარულ განწყობაზე და როგორ არ გვითხარიო. კი ინერვიულეს და შოკში ჩავარდნენ, მაგრამ მერე დაირაზმნენ, მოსკოვში, გერმანიაში, ისრაელშიც გავაგზავნეთ მონაცემები და მოვიდა პასუხი, რომ არაფერია საშიში, უბრალოდ, დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო. მეც ასეთი განწყობა მქონდა და ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბავშვებსაც სულ ამას ვეუბნები: ნუ ფიქრობთ ცუდზე, იფიქრეთ კარგზე, სულ პოზიტივზე – ცხოვრება ბუმერანგია და მას აუცილებლად უკან დაგიბრუნებთ. მეც ასე პოზიტიურად შევედი საოპერაციოში, თუმცა, ერთადერთი, გამიჭირდა და ამეტირა, ბორბლიანი საწოლით რომ გამიყვანეს პალატიდან. ვთხოვე, ამით ნუ წამიყვანთ-მეთქი, თუმცა არ შეიძლებოდა. საოპერაციოში ვთხოვე, დროზე დამაძინეთ, რომ ოპერაციისთვის მზადების პროცესს არ ვუყურო-მეთქი.