მაგალითად იმ სახლის ენერგეტიკა, რომელშიც ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა, ივ. ჯავახიშვილის N7, ნებისმიერ ადამიანს დადებითად მუხტავს და ემოციურად აღაფრთოვანებს.
თუმცა არსებობს სახლები, რომელთა ენერგეტიკა ცუდად მოქმედებს და შიშის გრძნობას გვიტოვებს.
დაიჯესტი გთავაზობთ 5 მისტიკურ სახლს თბილისში, სადაც ადამიანს ცხოვრება უჭირს.
სახლი ქიაჩელის N6 „ეშმაკის სახლი“
ე.წ. „ეშმაკის სახლი“ არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა.
ინგოროყვას 6 ნომერში მდებარე სახლს „ეშმაკის სახლს“ უწოდებენ. სახლი განსაკუთრებით საშიში შესახედავია მზის ჩასვლისას. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული.
სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხმა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. როგორც ამბობენ, სახლის სარდაფში ეშმაკის გამოსახულებაა და გზას აქედან საიდუმლო ოთახში გავყავართ.
აგრეთვე არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მე-19 საუკუნეში სახლი სომეხმა ვაჭარმა შეიძინა. შიგნით არის ბუხრის მსგავსი კუთხე, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაჭარი სპირიტიზმით იყო დაინტერესებული. აქ ხშირად ტარდებოდა სატანური რიტუალები.
ამბობენ, რომ სახლში დღემდე დაფრინავს ნივთები და ისმის უცნაური ხმები, რის გამოც აქ ცხოვრებას ყველა თავს არიდებს.
ჯარისკაცის მოჩვენება მახათას მთაზე
მახათას მთაზე არის ერთი სახლი, სადაც ჯარისკაცის მოჩვენება ცხოვრობს. ოჯახის დიასახლისის, ნინო კიკვაძის განცხადებით, მოჩვენება, რომელიც მის სახლში ცხოვრობს, მისი ყოფილი მეუღლეა.
მამაკაცი აფხაზეთის ომის მონაწილე იყო, რომელიც ავტოავარიაში რამდენიმე წლის წინ დაიღუპა.
კიკვაძის განცხადებით, სახლში საღამოობით ხშირად ხედავს მისი ქმრის აჩრდილს, რომელიც ხანდახან შვილებსაც ეფერება და ზოგჯერ ტელევიზორსაც უყურებს. თუმცა როგორც მიხვდება აჩრდილი, რომ ის მეუღლემ შეამჩნია, უჩინარდება.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, არქიტექტორ ტატიშჩევთან ერთად, შიმკევიჩმა ააგო.
„სხვათა შორის, ერთხელ, კონცერტის დროს, თეატრში დავიკარგე - მეგობართან ერთად, სარდაფის მსგავს ადგილას აღმოვჩნდი. იქაურობა სარკოფაგს ჰგავდა - ჰაერს მოლურჯო-შავი ფერი ჰქონდა. შემეშინდა... მოგვიანებით ითქვა, რომ რუსთაველის თეატრში მოჩვენება გამოჩნდა“.
ჯავის ქუჩის მოჩვენება
ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩაზე N62-ში არსებობს სახლი, სადაც ხალხის თქმით, მოჩვენებები არიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახლი ერთ დროს ვინმე „მილიონერ“ თათოზა დანელიანს ეკუთვნოდა. მას ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც ცოლი გარდაეცვალა, ბორდელიდან ახალგაზრდა ქალი მოიყვანა და მასთან ვაჟი შეშეეძინა.
თათოზას ოჯახი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ისინი არ ეკონტაქტებოდნენ მეზობლებს, რაც ეჭვსა და ათასგვარი ჭორის გავრცელებას იწვევდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თათოზას სახლი გაუყიდია და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში წასულა. იქ გაკოტრებულა და მალევე გარდაცვლილა.
თათოზას წასვლის შემდეგ სახლი რამდენჯერმე გაყიდულა , თუმცა ვერავინ იხეირა.
პარანორმალური მოვლენების შესახებ მაშინ დაიწყო საუბარი, როდესაც სახლი სპორტსმენმა ლუკა კურტანიძემ შეიძინა. რამდენჯერაც შინ ბრუნდებოდა, სახლში ყველაფერი არეული ხვდებოდა.
შემდეგ სახლი მანაც გაყიდა და ახალმა მფლობელმა სახლის საკურთხებლად მღვდელი მოიყვანა. მღვდელი შეუძლოდ გამხდარა და უკან გაბრუნებულა.
აგრეთვე, სახლიდან ნაბიჯების ხმა, წივილ-კივილი, არაბუნებრივი ხარხარი ისმის, ოთახებში კი გამჭვირვალეკაბიანი გრძელთმიანი ახალგაზრდა გოგონას სული დასეირნობს, რომელიც უცნაურად იკლაკნება.
მალაკნების სახლი გოგოლის ქუჩაზე
თბილისის ცენტრში მდებარე, გოგოლის ქუჩაზე, სახლის შეძენას ბევრი ადამიანი არიდებს თავს.
ამბობენ, რომ სახლის კედლებში, რომლებიც ამ ქუჩაზე მალაკნებმა ააშენეს, ადამიანის ძვლებია ჩამარხული.
სახლის ქვემოთ კი გადის გვირაბები, რომლებიც ორთაჭალის ციხეებს უერთდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, ეზოში სარდაფთან ხშირად იდგა ქალის თეთრი მოჩვენება, რომელიც შრიალებდა. სახლში ხშირად ხედავდნენ ბეწვიან არსებებს. აგრეთვე, ვინც კი სახლი შეიძინა, ყველა მალევე გარდაიცვალა. რის გამოც მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სულები, რომლებიც აქ ბინადრობენ, ახალ მოსახლეობას ვერ ეჩვევიან.
ესაა სახლების მცირედი ჩამონათვალი, რომელთა ისტორია ხალხს აშინებს. თუმცა, რამდენად რეალისტურია მითები და მისტიკა მათ შესახებ, თუ არ გეშინიათ, შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ და ეწვიოთ კიდეც.